საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთა თავმჯდომარეს გენერალ მარტინ დემფსის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
გენერალმა დემფსიმ ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მიუსამძიმრა და ღრმა მწუხარება გამოთქვა დიდი დანაკლისის გამო.
სატელეფონო საუბრისას გენერალმა მარტინ დემფსიმ კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ასეთ რთულ მომენტში. მან იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი ქართული კონტინგენტის წვლილი უკვალოდ არ ჩაივლის. საუბრის ბოლოს ამერიკელმა გენერალმა პოლკოვნიკ ძნელაძეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, რომ აუნაზღაურებელი დანაკარგის მიუხედავად, ქართველი სამხედროები კვლავ ვაჟკაცურად განაგრძობენ საერთაშორისო მისიის შესრულებას ავღანეთში.