ავღანეთიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, დაჭრილი ქართველი მეომრების ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქართულ ბაზაზე გუშინ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული 9 სამხედრო მოსამსახურიდან ორი გერმანიაში გააგრძელებს მკურნალობას. ერთი დაშავებული ჯარისკაცი უკვე გამოეწერა ჰოსპიტლიდან და საკუთარ ქვედანაყოფს მისიის შესასრულებლად დაუბრუნდება.
როგორც 42-ე ბატალიონის სამხედრო ექიმმა მაიორმა ზურაბ ზაქარაიამ განაცხადა, დანარჩენი დაჭრილი 6 სამხედრო მოსამსახურე სრულ გამოჯანმრთელებამდე ბაზა „ბასტიონის" სამხედრო ჰოსპიტალში დარჩება და მკურნალობის კურსს მაღალკვალიფიციური სამხედრო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს.