ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დისლოცირებულმა ქართველმა ჯარისკაცებმა, 4 წლიანი სამსახურის შემდეგ, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში მისია დაასრულეს. ამერიკული სარდლობის თხოვნით, ადლიის ცალკეული ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ქ. ქაბულში მდებარე ბაზა „ვერჰაუზიდან" ამერიკულ ბაზა „ფენიქსზე" გადავიდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული გაძლიერებული ოცეულის ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში გადაყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ISAF-ის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თაობაზე სპეციალურ დადგენილებაში ცვლილება უკვე შეიტანა. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა. ქართული სამხედრო დანაყოფი ბაზა „ვერჰაუზის" მსგავსად ფენიქსზეც ანალოგიურ ამოცანას შეასრულებს. ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ამერიკული ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. ავღანეთში ფრანგული კონტინგენტის დაქვემდებარებაში ქართველებმა სამხედროებმა მისიის შესრულება 2009 წლის ნოემბრიდან დაიწყეს. თავდაპირველად, მისიას გაძლიერებული ასეული ასრულებდა, ხოლო 2012 წლის იანვრიდან, იმავე ამოცანის შესასრულებლად, გაძლიერებულმა ქვეითთა ოცეულმა (50 სამხედრო მოსამსახურე) ქვეითთა ასეული ჩაანაცვლა. თითოეულმა დანაყოფმა სამშვიდობო ოპერაციის მოსამზადებელი წვრთნები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში და საფრანგეთში, ნატოს სტანდარტების სრული დაცვით ორი თვის განმავლობაში გაიარა. წვრთნების დროს ქართველი ჯარისკაცები კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ.