საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) პროგრამის ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო. კურსზე მოწვეულია აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის 45 მსმენელი. წვრთნები 2 ივნისიდან 23 ივნისამდე გაგრძელდება და კურსის განმავლობაში ამერიკელი კადეტები სამთო-ტექნიკურ უნარ-ჩვევებს დახვეწენ.
საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი მთაში და მაღალ მთაში გადაადგილების, მდინარეებისა და ხეობების გადალახვის ტექნიკის, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციის ტექნიკური მეთოდების სწავლებებს მოიცავს. ამერიკელი კადეტები ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით სხვადასხვა სირთულის სიმაღლეებიდან სამთო ტაქტიკით დაეშვებიან.
კურსის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც. სწავლების დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.
საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსის დასრულების შემდეგ კურსზე მოვლინებულ უცხოელ პარტნიორებს შესაძლებლობა ეძლევათ საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის და ზამთრის შემდგომი ეტაპის კურსები გაიარონ.