თავდაპირველად, რამდენიმე სიტყვა თვით იმ ავბედითი ღამის შესახებ: როგორც თვითმხილველი, შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ყველა განცხადება, თითქოს მომიტინგეებს გასასვლელი დაუტოვეს და არ ცდილობდნენ მათ ალყაში მოქცევას (ნაცვლად ანტიკონსტიტუციური მიტინგის ლეგიტიმური ძალით გაფანტვისა), არის სრული ტყუილი! მიზანი აშკარად ალყა იყო: როდესაც მომიტინგეებთან პოლიციელი გოგონა („ფიარი", ფიარი, ყველგან და ყოველთვის ფიარი! - დ.ა.) მივიდა და გააფრთხილა, რუსთაველზე ჩამომავალი და ამომავალი ყველა ქუჩა უკვე გადაკეტილი იყო სპეცდანის მიერ.
გამორიცხულია იმ ადამიანებს, ვინც ოპერაცია ასე დაგეგმა, არ სცოდნოდათ, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევდა უმძიმეს შედეგებს და გამოიწვია კიდეც. ამგვარი რისკის გასამართლებლად რაიმე ძალზე სერიოზული მოსაზრება ან ხიფათი უნდა არსებულიყო. მაგალითად რეალური საფრთხე, რომ ორგანიზატორები მართლაც შეკრულნი არიან რუსეთის ГРУ-სთან და მიტინგი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა. თუმცა, ამის დამადასტურებელ არგუმენტად ნამდვილად ვერ გამოდგება ანზორიკო ბურჯანაძის ბრიყვული ფრაზა დედამისთან საუბრისას.
და აქვე: ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ГРУ-ს „სპეცნაზი" იქ მართლა რომ გამოჩენილიყო, ეს ჩვენი სახელოვანი „სპეცდანელები", - საკუთარ მოქალაქეებთან რომ ასეთი „ვაჟკაცნი", უმაგალითოდ სასტიკნი და დაუნდობელნი გამოდგნენ - ისევე სამარცხვინოდ მოკურცხლავდნენ, როგორც 2008 წელს მოკურცხლეს კარალეთიდან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყოველივე ამის მიუხედავად, ხელისუფლება კიდევ უფრო იტკივებს თავს, რომელიც ისედაც „აიტკივა" ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებით: ჯერ ერთი, 26 მაისი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გადაფარავს ყველა სხვა ბრალდებას და კორუფციული მუხლები აღარავის გაახსენდება. არადა, ამ საქმეში ბრალდების პოზიციები, ქვემოთმოყვანილი მიზეზების გამო, შეუდარებლად სუსტი და მოწყვლადია.
მეორე: „26 მაისის" ბრალდება ექს-შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ, განუზომლად აძლიერებს ნინო ბურჯანაძეს და აბრუნებს მას მარგინალიზაციისკენ მიმავალი გზიდან. თუ „ქართულ ოცნებას" ძალიან უნდა, ნინო ბურჯანაძემ ოქტომბერში გიორგი მარგველაშვილი დაამარცხოს, სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო.
მესამე: აბსოლუტურად გამორიცხულია, ამ საქმეზე გასამართლდეს მხოლოდ ვანო მერაბიშვილი და სხვა არავინ. ხელისუფლებას კი, რაოდენ უცნაური და კომიკურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, სწორედ ეს განუზრახავს: არ წაუყენოს ბრალდება (რაკი არ აწყობს, მიზეზთა გამო) სპეცდანის მეთაურ ჯანაშვილს, ან მერაბიშვილის სხვა მოადგილეებს, ვინც უშუალოდ დაგეგმა და ხელმძღვანელობდა ოპერაციას, არ გამოიძიოს კონკრეტულად იმ ნაძირალა „სპეცდანელთა" თუ ზონდერთა მოქმედება, ვინც მხეცურად სცემდა უკვე გაკოჭილ და უმწეო ადამიანებს, ანუ ყველაფერი დაიყვანოს მხოლოდ ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობაზე. ნურას უკაცრავად, ასე არ გამოვა. ასე ეს საქმე აუცილებლად „დაიშლება" წარმოების პროცესში!
კი, მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერ თანამდებობის პირს - მაგალითად იმავე „სპეცდანის" უფროსს ან სხვებს - შეუძლიათ პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინონ, თუ უფრო მაღალი თანამდებობის პირს (ამ შემთხვევაში მინისტრს) ამხელენ და მას „შეაწმენდენ" ხელს ყველაფრისათვის. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ საქმის წარმოების ანუ ბრალდების პროცესში და არა ისე, როგორც აშკარად სურს პროკურატურას, რომ პასუხისმგებლობაში სხვა არავინ მისცეს, მერაბიშვილის გარდა.
ან რას იტყვის თავის გასამართლებლად ის გარეწარი პოლიციელი, ვინც უმწეო ადამიანს მხოლოდ თავისი ბინძური ვნებების დასაკმაყოფილებლად სცემდა ხელკეტით მისი მხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე - ესეც „მერაბიშვილმა მიბრძანაო?" არადა (ვიმეორებ) დღევანდელ ხელისუფლებას აშკარად სურს საქმე ისე წაიყვანოს, რომ სხვა არავინ გაანაწყენოს - ექს-მინისტრის გარდა!
მეოთხე: ძალიან საინტერესოა, რას უპასუხებს ბრალდება დაზარალებულს (გარდაცვლილი პოლიციელის დედას), რომელიც რა თქმა უნდა ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გახდება? თუკი ვანო მერაბიშვილისათვის წაყენებული ბრალის სამოტივაციო ნაწილში ადამიანის გარდაცვალება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდადაა დასახელებული, მაშინ შეუძლებელია საქმე არ გაართულოს იმ გარემოებამ, რომ თვით დაზარალებული (ანუ გარდაცვლილის დედა- მისი უფლებამონაცვლე) სიკვდილში არა ვანო მერაბიშვილს, არამედ ნინო ბურჯანაძეს ადანაშაულებს! „ნაციონალებს" კი ეყოფათ ჭკუა, ეშმაკობა და გამოცდილება, დაზარალებულთან ერთად ყოველ დღე ჩაატარონ პრეს-კონფერენცია და დასვან აბსოლუტურად ლოგიკური კითხვები: „რატომ არ ხდება სიკვდილის გარემოებათა გამოძიება?" „თუკი ის, ვინც განუზრახავი მკვლელობისთვის გაასამართლეს, პოლიტპატიმარი იყო, მაშასადამე მას არ მოუკლავს. თუ ასეა ვინ მოკლა?" ხოლო როცა უპასუხებენ „ის ხომ უკვე გასამართლდაო" - მაშინ „პოლიტპატიმრის სტატუსი რა შუაში იყო?"
იმას ხომ ნამდვილად ვერ უპასუხებენ : „პოლიციელი იყო, მოკვდა და ერთი მაგის . . . . ო". არა გულში შეიძლება თქვან, მაგრამ ღიად მოერიდებიან, ამიტომ გარდაცვლილი პოლიციელის საკითხი ამ საქმის საკვანძო თემა გახდება. დაზარალებულის უფლებები კი, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, საკმაოდ კარგადაა დაცული. თანაც, არის კიდევ მეორე მიცვალებული, რომელიც აგრეთვე მანქანამ გაიტანა. ადამიანი მოკვდა და ხომ უნდა იყოს საქმე გამოძიებული? ან იქნებ იმ შიზოიდურ ვერსიას მიიღებენ, რომ „სხვაგან მოკლეს და მერე მიიტანეს რუსთაველზე"? ძალიან ჰგავს ოქრუაშვილის თავდაპირველ „აღთქმას" ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით.
ერთი სიტყვით, ხელისუფლება მართლა სერიოზულად რისკავს. როგორც ჩანს მას უკვე აღარ შეეძლო გამკლავებოდა ზეწოლას, რითაც საკუთარი სისუსტე გამოავლინა. წმინდად პრაგმატული თვალსაზრისით მისთვის ბევრად უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა „26 მაისის საქმე" ოფიციალურად არ დაეწყო და სიტუაცია დაეტოვებინა იმ კონდიციაში, როდესაც ვანო მერაბიშვილს ფორმალურად კორუფციული ბრალდებებისთვის ასამართლებდნენ, თუმცა ყველას ეცოდინებოდა, რომ „სინამდვილეში" იგი სწორედ 26 მაისისთვის ისჯება.
რაოდენ უხერხულიც არ უნდა ყოფილიყო ასეთი „ირიბი" მსჯავრი, ეს მმართველ გუნდს უამრავ ხიფათსა და ძნელად გადასალახ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ პრობლემას ააცილებდა თავიდან.
"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი