დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში „ქართული იარაღ-საჭურველის" გამოფენა გახსნა. ირაკლი ალასანიამ მუზეუმში გამოფენილი 150-ზე მეტი ეთნოგრაფიული ექსპონატი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებთან ერთად დაათვალიერა. „თანამედროვე ქართველი ჯარისკაცი თანამედროვე იარაღით არის აღჭურვილი. საბრძოლო იარაღი იცვლება. იცვლება და იხვეწება ქართველი ჯარისკაცის აღჭურვაც. უცვლელი მხოლოდ მებრძოლი სულია, რომლითაც ჩვენი წინაპრები მტერს იგერიებდნენ. "ძლევაი საკვირველი", რომელიც დავით აღმაშენებელმა თავის თანამებრძოლებთან ერთად შეძლო და მტერი დაამარცხა, არ არის მხოლოდ წარსული. დღეს, ამ გზას აგრძელებენ დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის აკადემიის კურსანტები, ქუთაისში კადეტები. მე მეამაყება, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებს ასეთი ახალი თაობა ჰყავს და ისინი დღეს გაეცნობიან ჩვენი წინაპრების შეიარაღებას, მეფეების ხმლებს, ცნობილი მხედართმთავრების დაშნებს. ეს გამოფენა საინტერესოა არა მხოლოდ სამხედროებისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ისტორიის პატივისცემა ერის თვითშეგნების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მადლობა მუზეუმის ხელმძღვანელობას ასეთი ექსპოზიციის მოწყობისთვის" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ექსპოზიცია „ქართული იარაღ-საჭურველი" XVII საუკუნიდან XX საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართული იარაღის სახეობების მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს. განსაკუთებული ადგილი კი ამ პერიოდის ყველაზე გავრცელებულ სახეობებს ეთმობა, რომლებიც ქართულ-კავკასიური ტექნოლოგიითაა დამზადებული. გამოფენაზე წარმოდგენილი ხმლები, ხანჯლები, თოფები, დამბაჩები, შემტევი და თავდაცვითი იარაღის უმნიშვნელოვანესი კოლექცია მუზეუმის ფონდებში სხვადასხვა დროს შემოვიდა. ექსპოზიცია „ქართული იარაღ-საჭურველი" 30 ივლისამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები