26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებს ახალი წევრები შეემატნენ. წვრთნისა და განათლების სარდლობის ძირითადი საბრძოლო მომზადების (BCT) 72-მა კურსდამთავრებულმა საზეიმოდ დადო ფიცი. საზეიმო ცერემონიალი თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა.
დღეიდან, დამოუკიდებლობის დღეს ფიცის მიღება ტრადიციად დამკვიდრდება.
მომავალ სამხედროებს ქართულ არმიაში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა: "ჯარისკაცებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ დღეიდან უდიდესი მისია გაკისრიათ - დაიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა. შეიარაღებული ძალების დევიზია - სამშობლო - ღირსება - ერთგულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად და ერთგულად დაიცავთ ჩვენს სამშობლოს. შეიარაღებული ძალები დიდი და მტკიცე ოჯახია, სადაც საერთოა ლხინიც და ჭირიც. ერთად, ჩვენ შევძლებთ დავიცვათ ჩვენი წინაპრების მონაპოვარი - სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. საქართველოს მთავრობის სახელით, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, რაც ჯარისკაცს ყველაზე მეტად სჭირდება. ღმერთი იყოს შეიარაღებული ძალების და სრულიად საქართველოს მფარველი!"
კურსდამთავრებულებს დღევანდელი დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა მიულოცეს.
"დღეს შეიარაღებულ ძალებში განსაკუთრებული დღეა. სამხედრო მოსამსახურეები ფიცს დებენ სამშობლოს წინაშე. ჯარისკაცებო, თქვენ ხდებით შეიარაღებული ძალების სრულფასოვანი წევრები. მე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. თქვენ საინტერესო გზა გაქვთ გასავლელი. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე შეიძენთ იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს და პროფესიას, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს სამშობლოს. რაც მთავარია, შეიძენთ ახალ მეგობრებს და ისწავლით ერთმანეთის გატანას. კიდევ ერთხელ გილოცავთ. გისურვებთ წარმატებას" - მიმართა სამხედროებს პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ.
მათ წარმატება უსურვა არმიის მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმაც: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს დიდ და ღირსეულ ოჯახში. არ არსებობს იმაზე დიდი პატივი და პასუხისმგებლობა - იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი. ბატონო ჯარისკაცებო, მინდა მადლობა გითხრათ, რომ ეს არჩევანი გააკეთეთ. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გააგრძელებთ ჩვენი წინაპრების რთულ და საამაყო გზას. როდესაც სამხედროები ბრძოლის ველზე შორდებიან, ერთმანეთს არ ემშვიდობებიან. ისინი ერთმანეთს ეუბნებიან - მომავალ შეხვედრამდე. რადგან სჯერათ, რომ ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. მომავალ შეხვედრამდე ჯარისკაცებო!"
პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ფიცის მიღების დასასრულს, ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. მოეწყო საპატიო ყარაულის საჩვენებელი გამოსვლა.
ღონისძიებას დაესწრნენ - კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 100 მსმენელი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის 100 კურსანტი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სარიტუალო ასეული, ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, აგვისტოს ომში და ავღანეთის საერთაშორისო მისიის დროს დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შვილები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საპატიო ყარაულის მედროშეთა და საჩვენებელმა კოლოფებმა და სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საზეიმო მარშით რუსთაველის გამზირი ჩაიარა. საზეიმო სვლა ვარდების მოედანზე დასრულდა.