საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან გამართავს შეხვედრებს.
ლატვიის თავდაცვის მინისტრთან არტის პაბრიკსთან შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის უწყების დელეგაცია ლატვიის რესპუბლიკის სეიმსაც ესტუმრება. ირაკლი ალასანია ევროკავშირის სახლში საჯარო განხილვაშიც მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე საქართველოს უსაფრთხოება და თავდაცვის პოლიტიკა, ნატოში ინტეგრაცია და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები განიხილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრებიან.
ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრს ურმას რეინსალუს, თავდაცვის ლიგის მეთაურს, ბრიგადის-გენერალ მეელის კიილისა და ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსს, გენერალ-მაიორ რიჰო ტერესს შეხვდება. დაგეგმილია ასევე, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი ტალინში, ნატოს ერთობლივი კიბერ-თავდაცვის ცენტრში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვა ლენარტ მერის მე-6 კონფერენციაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში 25 მაისს დასრულდება.