საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამერიკის თავდაცვის მდივანმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ISAF-ის მისიაში ბაზა „შირგაზზე" თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო და ქართველ კოლეგას პირადად სთხოვა, აშშ-ის მთავრობის სახელით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს მიუსამძიმროს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს და აფასებს საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ოპერაციებში.
სატელეფონო საუბრისას, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო მისიებში თანამშრომლობის საკითხებზე. ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან.