ISAF-ის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თაობაზე პარლამენტის სპეციალურ დადგენილებაში ცვლილება შედის. ქაბულში, რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე "ვორჰაუზ"-ის ბაზაზე ფრანგული კონტინგენტის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული კონტინგენტი აშშ-ის კონტინგენტის შემადგენლობაში გადადის.
„ცვლილებები ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას ან შემცირებას არ ითვალისწინებს. ცვლილება ეხება იმას, რომ ქაბულში ქართული ოცეული ფრანგული კონტინგენტის დაქვემდებარეობაში იყო, ხოლო ახლა ამერიკული კონტინგენტის დაქვემდებარეობაში გადადის. ცვლილებების მთელი არსი ამაში მდგომარეობს" - განაცხადა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ.
"ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ" პარლამენტის 2009 წლის 6 აგვისტოს დადგენილებაში ცვლილებებს დღეს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს, ხვალ კი საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად.