ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები სამშობლოში ჩამოასვენეს.
კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძის, უმცროსი სერჟანტის ზვიად დავითაძისა და კაპრალი ვლადიმერ შანავას პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართება, რის შემდეგაც მათ ცხედრებს საკუთარ სახლებში გადაასვენებენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი მოადგილეები, ასევე, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრებიც. 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად სამგლოვიარო ცერემონიალზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლი ბრიჯიტ ბრინკი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი ჯეფ ჰარტმანი მივიდნენ. ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი ოჯახის წევრებთან მივიდა და სამძიმარი გამოუცხადა. კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძის, სერჟანტ ზვიად დავითაძის და კაპრალ ვლადიმერ შანავას ცხედრები საქართველოში ამერიკის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს. მათ ადგილზე საპატიო ყარაული დახვდა. აეროპორტში იმყოფებოდა შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში შეასრულა. დღეს 19:00 საათზე ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მოგვიანებით კი მათ ცხედრებს ოჯახებში გადაასვენებენ. დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე (22.11.1979) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. მას მიღებული აქვს III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის". კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე (17.12.1986) საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში 2007 წლიდან ირიცხებოდა. მას მიღებული აქვს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი". კაპრალი ვლადიმერ შანავა (01.04.1989) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა. მას მიღებული აქვს მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის". ქართველი სამხედროები წარდგენილები არიან ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. თავდაცვის სამინისტრო სრულად აანაზღაურებს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვის ხარჯებს, ოჯახები კი კანონმდებლობით განსაზღვრულ დამხარებას მიიღებენ.
შგახსენებთ, რომ ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი ემსხვეპლა.
შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე" 13 მაისს, 16:17 საათზე მოხდა.