ავღანეთში ქართველი სამხედროების ბაზაზე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.
როგორც დღეს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე", სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული ადგილობრივი დროით 16:17 საათზე მოხდა.
ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. შეტევის შედეგად გარდაცვლილია სამი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი.
"ინფორმაციის მიღებისთანავე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას მივეცი დავალება, რომ ბოლომდე დააზუსტონ შემოტევის დეტალები. უკვე მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები. მე ვესაუბრე 42-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ კალანდაძეს. მოცემული დროისთვის ცნობილია შემდეგი: ბაზაზე განხორციელდა მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს და ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში.
დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმას შეეწირა 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ალექსანდრე კვიჭინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. მინდა მიუსამძიმრო ამ გმირი სამხედროების ოჯახებს ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი და მთელ საქართველოს ეს დიდი ტრაგედია", - განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, არიან დაჭრილებიც.
"ამ ეტაპზე არსებული ფაქტობრივი მონაცემებით, გვყავს დაჭრილები და მსუბუქად დაშავებულები. ყველა დაჭრილის ოჯახის წევრი ინდივიდულურად არის ინფორმირებული. საქართველოს ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახების გვერდით დგას და განიცდის ამ მოუშუშებელ ტკივილს. კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქართველი სამხედროების თავდადება და გმირობა, სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიონალურმა მოქმედებამ აგვაცილა გაცილებით უფრო დიდი ტრაგედია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.