საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 188 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი საველე-საწვრთნელ ბანაკ „პალდო"-ს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ და რეკრუტებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.
რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დღეს დაასრულეს. კურსზე 257 ადამიანი ჩაირიცხა, თუმცა 188 რეკრუტმა შეძლო პროგრამის წარმატებით დაძლევა. წვრთნები 11 მარტს დაიწყო და 9 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. მომავალ სამხედროებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ. მომზადება საველე და საკლასო პირობებში ხორციელდებოდა.
დღეიდან, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები სამხედრო ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ.