რესპოდენტის შესახებ
გარემოს დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნება და საწარმოების შემოწმებაც დაიწყება. კონკრეტულად როდის ჩამოყალიბდება გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური, რა ფორმით მოხდება საწარმოების შემოწმება და რა სანქციები დაეკისრება კანონდამრღვევ საწარმოს? ,,ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ესაუბრა.
_ იქმნება გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი. ეს სამსახური ადრეც არსებობდა გარემოს დაცვის ინსპექციის სახით, რომელიც 2011 წელს გაუქმდა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. ერთ-ერთი მიმართულება იქნება საწარმოების ინსპექტირება_გეგმიური შემოწმება. საწარმოების შემოწმება მოხდება იმ სტანდარტების მიხედვით, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ. შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების პირობები, და ა.შ. მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქცია არის, პრევენცია და არა ვინმეს დასჯა. არ გვინდა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი სადამსჯელო ორგანო იყოს. შესაბამისად საწარმოები, რომლებიც გეგმიურ შემოწმებას დაექვემდებარებიან წინასწარ ცნობილი გახდება და საწარრმოებს შესაძლებლობა მიეცემათ, თავისი საქმიანობა გარემოს დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ.
_ რა სანქციები დაეკისრებათ საწარმოებს თუ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ?
_ კანონმდებლობით გაწერილია, რომ საწარმო თუ არ აკმაყოფილებს გარემოს დაცვის ნორმებს ხდება დაჯარიმება და ეძლევა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამის შემდეგ ხელმეორედ ინსპექტირება ხდება და თუ ისევ არავითარი საშველი არ იქნება კანონი ითვალისწინებს საწარმოს დახურვასაც. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა.
_ სრული დატვირთვით, როდის დაიწყებს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი ფუნქციონირებას?
_ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი ოფიციალურად იქმნება 14 მაისს. შემდეგ საჭირო იქნება სამსახურის შესაბამისი კადრებით დაკომპლექტება, გამოვაცხაებთ კონკურსს, დავატრენინგებთ შერჩეულ ადამიანებს და უკვე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი, ჩემი ვარაუდით, სრული დატვირთვით შემოდგომიდან ამოქმედდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 14 მაისის შემდეგ გარკვეული საწარმოების შემოწმება არ მოხდება.
_ საწარმოების შემოწმება თავდაპირველად მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება თუ ლოკალურად?
_ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს შვიდი რეგიონული სამსახური ეყოლება და საწარმოების შემოწმება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი