დღეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა. ქართული არმიის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, საზოგადო მოღვაწეები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საზოგადოებას და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. მან საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა: "განსაკუთრებით მინდა მივულოცო სამხედრო მოსამსახურეებს - რიგითებს, სერჟანტებს, ოფიცრებს და მადლობა გადავუხადო მათ, რამეთუ ისინი ჩვენს უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლისა და გმირობის ფასად იცავენ." პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს გადაუხადა: "თქვენ ხართ სამხედრო მოსამსახურეები და ისინი, ვინც თავი გასწირეს ან საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მოახერხეს ჩვენი ქვეყნის დაცვა. თქვენ განსაკუთრებული და ღირსეული მოქალაქეები ხართ იმიტომ, რომ თქვენი სიცოცხლის ფასად იცავდით და აგრძელებთ ჩვენი სამშობლოს დაცვას." ბიძინა ივანიშვილმა ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას საქართველის მთავრობის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მისწრაფება გახდეს ევრო-ატლანტიკური საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. „შემდეგ წელიწადს უნდა მოვახერხოთ ძალიან მკვეთრი ნაბიჯი გადავდგათ და მაპი მაინც უნდა მივიღოთ. ალბათ ამაზე მეტს ვერც მივიღებთ და ძალიან მკაცრად დავგეგმეთ, რომ შემდეგ წელს, როდესაც იქნება ნატოს შეკრება, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გადავდგათ მძლავრი ნაბიჯი ამ მიმართულებით." შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია: „საქართველოს შეიარაღებული ძალების დევიზი არის - სამშობლო, ღირსება, ერთგულება! ქართული არმიისთვის ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. არაერთხელ დაგიმტკიცებიათ ამდენი წლის განმავლობაში, რომ თქვენი სიცოცხლის ფასად შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი სამშობლო. არ არსებობს ტყვია, რომელიც თქვენ გაგაჩერებთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ საქართველოს შვილები და თქვენ ყოველთვის შეინახავთ იმ დიდი წინაპრების ღვაწლს, რომლებიც თქვენსავით იცავდნენ ჩვენს სამშობლოს. იყო ჯარისკაცი მართლაც პატივია! მაგრამ სიცოცხლე გაწირო ბრძოლის ველზე - ეს ღირსეულთა ხვედრია! მეამაყება, რომ იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ვარ, რომელსაც გამორჩეული შეიარაღებული ძალები ჰყავს. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, იმ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დიდი წვლილი, რომლებიც დღეს, ამ წუთებში ავღანეთში ჩვენს პარტნიორებთან ერთად იცავენ საერთაშორისო უსაფრთხოებას და რეალურად ყველაზე მეტს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან მალე გავხდეთ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი. მინდა ქედი მოვიხადო და დიდი პატივისცემით აღვნიშნო ყველა სამხედრო მოსამსახურის წვლილი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი გეგმები გვაქვს, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვიყო თავდაცვის მინისტრი იმ ქვეყნის, რომელიც ძალიან მალე გახდება ნატოს წევრი ქვეყანა." დღესვე გაჟღერდა იდეა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების დაარსების შესახებ. ორგანიზაციაში გაწევრიანება საზოგადოების ყველა მსურველს შეეძლება. კონცერტის დასრულების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის წევრებმა და საზოგადო მოღვაწეებმა რუსთაველის თეატრში საკუთარი ავტოგრაფები დატოვეს -"ჯარი ჩემი მეგობარია". კონცერტის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრის სახელით საზეიმო მიღება გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები