ქართველმა სამშვიდობოებმა სამოქმედო არეალი ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ს საზღვაო ქვეითებსა და ადგილობრივ ძალებს გადააბარა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა სამხედრო მისია მუსა-ქალას ხეობის ნაწილში ოფიციალურად დაასრულა. ქართული კონტინგენტი ISAF-ის მისიას სხვა დისლოკაციის ადგილას გააგრძელებს და ადგილობრივ ძალებს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღებაში გაუწევს დახმარებასა და კოორდინაციას.
ოფიციალური გადაბარების ცერემონიალი ბაზა „შუკვანზე" გაიმართა. ღონისძიებას ქართველებთან ერთად ამერიკელი და ავღანელი სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ. ცერემონიალზე სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობისა და „ქართული სამეკავშირეო ჯგუფის" მიერ მე-12 ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური წარმატებულად შეფასდა.
ოფიციალური მონაცემებით, მე-12 ბატალიონმა თავისი ოპერაციის ზონაში ჩატარებული სამხედრო მოქმედებების შედეგად მაქსიმალურად შეზღუდა ამბოხებულთა მოქმედებები, რამაც რაიონში სტაბილურად უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ქართული შენაერთის მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა ადგილობრივი მთავრობის ინსტიტუტების ჩამოყალიბება და მოსახლეობასთან ურთიერთობა. მე-12 ბატალიონი ISAF-ის მისიას, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი სამშვიდობოების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების გაფართოება და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იყო.