საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წითელას აცრები მიმდინარეობს. აქცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ურთიერთკოორდინაცით ტარდება. შეიარაღებულ ძალებში დაფიქსირებული ინფექციური დაავადების შემთხვევის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობამ პრევენციული ზომები მიიღო. იმ სამხედრო ნაწილების მთელი კონტინგენტი აიცრა, სადაც ერთეული შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ამ დროისათვის შეიარაღებული ძალების ნახევარზე მეტ თანამშრომელს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა. „როდესაც შეიარაღებულ ძალებში წითელას ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად პრევენციული ზომების მიღება მაშინვე მოვახდინეთ. აიცრა იმ სამხედრო ნაწილების მთელი კონტინგენტი, სადაც ეს ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა. შეიარაღებულ ძალებში საერთო-მასიური აცრა მიმდინარეობს. ამჟამად, ქართულ ჯარში ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არ არსებობს" - განაცხადა სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა. თავდაცვის სამინისტროში წითელას საწინააღმდეგო აცრები გრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება
მასალის გამოყენების პირობები