დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გაიმართა. ტესტირება თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის 11 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ზოგად უნარებში, ქართულ და ინგლისურ ენებში ჩატარდა.
სამინისტროს ინფორმაცით, ტესტირება ს.ს.ი.პ. „გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა" ჩაატარა და შედეგებს ვებ-გვერდზე (www.naec.ge) გამოაქვეყნებს. კონკურსის შემდეგ ეტაპზე თითოეულ პოზიციაზე 10 საუკეთესო ქულის მქონე კანდიდატები გადავლენ, რომლებიც ტესტის 60%-ს გადალახავენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია, საუკეთესო 10 კანდიდატს შორის გამარჯვებულის ვერ გამოვლენის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე, ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, მომდევნო 10 საუკეთესო ქულის მქონე კანდიდატი დაუშვას, რომელიც ტესტის 50%-ს გადალახავს.
კონკურსის მესამე ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საკონკურსო-საატესტაციო კომისია აპლიკანტთან გასაუბრებას ჩაატარებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო ოფისის 11 ვაკანტურ თანამდებობაზე საჯარო კონკურსი მიმდინარე წლის 20 მარტს გამოაცხადა. კონკურსის პირველი ეტაპი საკმაოდ მაღალი აქტივობით წარიმართა. 11 ვაკანტურ ადგილზე 2406 განაცხადი შემოვიდა. მათგან 298 აპლიკანტი კი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა მიმართებაში აპლიკანტთა რეზიუმეების გადარჩევით შეირჩა და მეორე ეტაპზე - ტესტირებაზე გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები