ქართველი სამხედროების კიდევ ერთი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. დღეს ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ.
თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, სამშვიდობოებს აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და III ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი დახვდნენ. ავღანეთის საერთაშორისო მისიიდან დაბრუნებული უმცროსი სერჯანტი ალექსანდრე თეთვაძე ოჯახში მოულოდნელად მივიდა.
სამშობლოში დაბრუნების სიხარულთან ერთად, ქართველ სამხედროს ოჯახში ახალი წევრი დახვდა. პატარა ნინი მამის ავღანეთში ყოფნისას დაიბადა და დღეს პირველად შეხვდა მას. უმცროს სერჯანტ ალექსანდრე თეთვაძის მსგავსად, ოჯახის წევრებს სიურპრიზი გაუკეთა ასევე, რიგითმა ხვიჩა ქოქოშვილმა. ბატალიონის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. 23 აპრილამდე ბატალიონი სრულად დაბრუნდება სამშობლოში. ისინი ავღანეთში როტაციის წესით IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.