საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან ერიკ რუბინთან გამართეს შეხვედრა.
ლევან დოლიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ქართული კონტინგენტის ISAF-ის მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
„ერიკ რუბინთან დეტალურად ვისაუბრეთ უსაფრთხოების სფეროში საქართველოს და აშშ-ის შორის თანამშრომლობის გაღრმავების, აშშ-ის მიერ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებში მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საკითხებზე" - აღნიშნა ლევან დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ასევე შეხვდება აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს და ვიცე-პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებს, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატას.
მასალის გამოყენების პირობები