ENG / RUS       12+

ხათუნა ლაგაზიძე: გასარკვევია, რატომ გამოიყვანა პრეზიდენტმა ახალგორი მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან და რატომ შეიყვანა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში

რესპოდენტის შესახებ

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიების აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა დეპუტატებს შესთავაზა, რომ თუ ამ მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისა შეიქმნება, მზადაა საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს.Kროგორც გადაცემა ,,პოზიციაში" მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატს პრაიმერის წესით აირჩევს. რა შანსები აქვს საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის გუნდს, გაზრდის თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს პრაიმერის წესით საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევა და რა ფორმით უნდა მოხდეს აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიება? ,,ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა.


_ ქალბატონო ხათუნა, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატს პრაიმერის წესით აირჩევს. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი პარტიის რეიტინგს აამაღლებს?

_ პრაიმერის წესით საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ,,ნაციონალებისთვის" არანაირი აზრი არ აქვს, რადგან მათ დაშლისგან ვერაფერი იხსნის. ,,ნაციონალური მოძრაობა" როგორც პოლიტიკური პარტია პირველ ოქტომბერს დამთავრდა და ეს ფაქტი გაფორმდა დათა ახალაიას ე.წ. აღსარებით. აქ საინტერესო სხვა რამ არის, კერძოდ, ამ ერთწლიან საგაში ერთი რეჟისორის ხელი იკითხება. ვგულისხმობ სექტემბრიდან დღემდე განვითარებულ პროცესებს. შეიძლება ითქვას, რომ ციხის კადრებით დაიწყო საქართველოს პოლიტიკური ისტორიის მორიგი ფურცელი და მაშინ ვანო მერაბიშვილის ხელით, რეჟისორმა ,,ნაციონალურ მოძრაობას" გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, რადგან იქამდე სანამ დათა ახალაია იტყოდა, დიდი ხნის განმავლობაში საუბარი იყო იმაზე, რომ ციხის კადრების გასაჯაროების ავტორი ვანო მერაბიშვილი იყო. დღეს უკვე დათა ახალაიას მხრიდან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გაბრძოლებით მთავარი რეჟისორი სააკაშვილის გუნდს სასიკვდილო დარტყმას აყენებს.

_ გამოდის, რომ ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის ხელი ურევია?

_კონკრეტულად დასახელება გამიჭირდება, უფრო სწორად მოვერიდებოდი, მაგრამ ,,ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებას ბიძინა ივანიშვილს რომ უნდა ვუმადლოდეთ, ორი აზრი არ არსებობს.

_ ,,ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიების საჭიროება არ არსებობს. როგორია თქვენი პოზიცია?

_ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობის გამოკვეთა არ განიხილება. არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის ხელისუფალს, ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას თავში აზრად მოუვიდეს თვალში ნაცრის შეყრა და მთელს მსოფლიოს ეხვეწოს დამნაშავე ვარ და დამსაჯეთო. დამერწმუნეთ, ამას საქართველოს მიმართ გამანადგურებელი სანქციები მოჰყვება. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ კუთხით აგვისტოს ომის გამოძიების ჩატარებას არ აპირებს. ჩემი აზრით, გამოსაძიებელი არის უმთავრესად ერთი რამ, რატომ ეგებოდა საქართველოს ყველა ხელისუფლება, დაწყებული ზვიად გამსახურდიადან დამთავრებული მიხეილ სააკაშვილით, რუსეთის პროვოკაციას. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, რომელიც საქართველოს ისტორიაში ტრაგიკულად ჩაიწერა. დავიწყოთ 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, დაპირისპირებული მხარეები უნდა განიარაღებულიყვნენ. შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველომ სამხედრო ტექნიკა სოხუმიდან მთლიანად გაიყვანა და მშვიდობიანი მოსახლეობა სოხუმში დაბრუნდა. 1993 წლის სექტემბერში კი დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად დაირღვა და ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხრიდან დაიწყო შტურმი სოხუმზე და რით დამთავრდა ყველამ კარგად ვიცით. შემდეგ იყო 1999 წლის გალის მოვლენები, როდესაც რუსულ პროვოკაციას პარტიზანული მოძრაობა წამოეგო და მას შედეგად მოჰყვა გალის რაიონის ქართველებისგან დაცლა. მსგავსი პროვოკაციის მცდელობა იყო 2001 წელს კოდორში, რომელიც საბედნიეროდ ტრაგიკული შედეგით არ დამთავრდა. Uუკვე შემდეგ ასეთივე პროვოკაციის მცდელობა პანკისის ხეობაში იყო და ეს ერთადერთი გამონაკლისია, როცა საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო უდანაკარგოდ ჩაებარებინა გამოცდა. ამავე რიგში დგას 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც და ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს რატომ მოხდა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფალი რუსულ პროვოკაციაზე მარტივად ეგებოდა. გამოსაძიებელია - ეს იყო პოლიტიკური სიბეცის მიზეზი, თუ საქართველოში რუსული აგენტურის. ასევე გასარკვევია, რატომ გამოიყვანა მიხეილ სააკაშვილმა ახალგორი მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან და რატომ შეიყვანა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, რატომ დაარქვა კოდორს ზემო აფხაზეთი? პრეზიდენტის ორივე გადაწყვეტილება უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველი იყო. ამიტომ საკითხები ნამდვილად გამოძიებას ექვემდებარება, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად უნდა იყოს გასაჯაროებული.

_ საუბარია, რომ ჰააგაში აგვისტოს ომის გამოძიება უფრო მეტად დააზარალებს ქვეყნის იმიჯს, ვიდრე საქართველოში ჩატარებული გამოძიება. როგორია თქვენი პოზიცია?

_ შეეშვან ჰააგით მანიპულირებას. Bბოლო დღეებში საუბარია იმაზე, რომ აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიება სააკაშვილზე შურისძიების მოტივით გააქტიურდა, მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილი დამთავრებულია როგორც პოლიტიკოსი და როგორც პიროვნება. ,,პოზიციაში" რასაც ვუყურე ეს იყო ტრაგედია უგმიროდ.Gგამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილი რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა რეალურად გმირად ქცეულიყო და რეგიონში საქართველოც სამაგალითო ქვეყნად ექცია, ასე უსახელოდ ამთავრებს თავის მოღვაწეობას. ის, რაც გადაცემა ,,პოზიციაში" ვიხილეთ ეს იყო არა მხოლოდ პიროვნული, არამედ ქვეყნის, გამოყენებელი შანსებისა და წლების ტრაგედია. ამიტომ მიხეილ სააკაშვილზე შურისძიებას ნურავინ ნუ შესწირავს საქართველოს ინტერესებს.

_ მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას პოლიტიკური კონსულტაცია შესთავაზა, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია პრეზიდენტის განცხადება?

_ პრეზიდენტის განცხადება უკვე იუმორის სფეროში გადადის. რა კონსულტაციაზეა საუბარი, როცა ყველა თვალსაზრისით სააკაშვილი დამთავრდა. ეს ის პოზიციაა, რომლის განხილვას აზრი არ აქვს.


,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

 

 

ავტორი: . .