საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს შეხვდნენ. ქართულმა მხარემ დონალდ რამსფელდს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას საფუძველი სწორედ დონალდ რამსფელდის პენტაგონში ყოფნის პერიოდში, პრეზიდენტ ბუშის დროს ჩაეყარა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქართული კონტინგენტის ISAF-ის მისიაში მონაწილეობასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პესპექტივებზეც.
დონალდ რამსფელდს ამერიკის თავდაცვის მდივნის თანამდებობა ორჯერ ეკავა. პირველად იგი პენტაგონს ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობისას 1975-1977 წლებში ხელმძღვანელობდა. მეორედ კი მან თავდაცვის მდივნის პოსტი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს 2001 წელს ჩაიბარა. 2007 წელს პენტაგონის ყოფილმა შეფმა „რამსფელდის ფონდი" დაარსა, რომელიც სწავლებას უფინანსებს კერძო სექტორიდან სახელმწიფო სექტორში გადასვლის მსურველ პირებს. მისი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რამოდენიმე თანამშრომელიც გახდა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. ასევე შედგება შეხვედრა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს და ვიცე-პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებთან, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.
მასალის გამოყენების პირობები