საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვაა.
ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტსა და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ერიკ რუბინთან.
ქართული დელეგაცია თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს, ასევე, მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს ელჩ კურტ ვოლკერს შეხვდება. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების გერმანულ მარშალის ფონდსაც ესტუმრებიან.
სამუშაო ვიზიტი ოთხ დღეს გაგრძელდება. თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში 18 აპრილს დაბრუნდება.