ქართველი სამხედროები ოჯახებს დაუბრუნდნენ. კაპრალი გიორგი ანჯაფარიძე და სერჟანტი მერაბ ცაავა დღეს ოჯახებში გაუფრთხილებლად მივიდნენ. ოჯახის წევრები მათ არ ელოდებოდნენ და ჯარისკაცებს მშობლები, მეუღლეები და შვილები განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ.
კაპრალი ანჯაფარიძე და სერჟანტი ცაავა ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდნენ. ისინი სამშობლოში 156 თანამებრძოლთან ერთად დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ. სამხედროებს აეროპორტში III ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი დახვდა.
32-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის ფარგლებში ავღანეთში 6 თვის განმავლობაში წარმატებით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ბატალიონის საქართველოში დაბრუნება ეტაპობრივად ხორციელდება. 32-ე ბატალიონი სამშობლოში 22 აპრილამდე სრულად დაბრუნდება. ისინი ავღანეთში როტაციის წესით IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.