აშშ-ს მენის შტატმა მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. განცხადება ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ტიგრან ბალაიანმა გააკეთა. მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ ერთობლივი რეზოლუცია მენის შტატის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მიიღეს.
სომხური მედიის ინფორმაციით, ინგლისურენოვანი გაზეთი The Armenian Weekly იუწყება, რომ მენის შტატის წარმომადგენელთა პალატამ და შტატის სენატმა აშშ-ს პრეზიდენტსა და კონგრესს მიუწოდეს "ხელი შეუწყონ რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევას და დემოკრატიულ დამოუკიდებლობას".
შეგახსენებთ, რომ მენი - აშშ-ს მესამე შტატია, რომელმაც მსგავსი რეზოლუცია მიიღო. 2012 წლის 17 მაისს როდ-აილენდის წარმომადგენელთა პალატამ ასევე მიიღო რეზოლუცია, რომელიც მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს. 2012 წლის 6 აგვისტოს მასაჩუსეტსის წარმომადგენელთა პალატამ ასევე მიიღო ეს გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია ასევე, რომ ავსტრალიურმა შტატმა ახალმა სამხრეთ უელსმა ასევე აღიარა მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობა და მისი მცხოვრებლების ე.წ. თვითგამორკვევის უფლება. 25 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება ავსტრალიის სომხური ნაციონალური კომიტეტის მრავალწლოანი მუშაობის შედეგი იყო. შტატის პარლამენტმა მოუწოდა ავსტრალიის ხელისუფლებას ოფიციალურად აღიარონ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა.
მასალის გამოყენების პირობები