დღეს, თავდაცვის სამინისტროს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ეწვივნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძემ უცხოელ სტუმრებს 2013 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ინფორმაცია 2014-2015 წლების საბიუჯეტო დაგეგმარებაზეც მიაწოდა.
ზაზა ბროლაძის თქმით, მსგავსი შეხვედრის ორგანიზების სურვილი ატაშეებმა გამოთქვეს. თავდაცვის სამინისტროსთვის, კი მათი რეკომენდაციების მოსმენა მნიშვნელოვანია: „ უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეებს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებისა და სახელმწიფო ფინანსების სისტემები გავაცანით. მიმდინარე და სამომავლო ხარჯებზე ვესაუბრეთ. თავდაცვის სამინისტრო მზად არის, ნებისმიერ რესპოდენტს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩააბაროს ანგარიში, სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებულ რეფორმაზე."
თავდაცვის ატაშეთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობა გადაუხადეს და ყურადღება შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს: „დიდ მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს საინტერესო პრეზენტაციისთვის. შეხვედრას გაცნობითი ხასიათიც ჰქონდა. ვფიქრობ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენთან რეგულარული კონტაქტი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებთან მჭიდრო და გახსნილი ურთიერთობის დამყარებაზე ზრუნავს.
2013 წლის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე რამდენიმე არაფორმალური ვიზიტი შედგა. დღევანდელი პრეზენტაცია განსაკუთრებით საინტერესო და ჩემი აზრით, აუცილებელიც იყო. ბიუჯეტი სწორად დაგეგმილი და გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა მოხდეს იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც თავდაცვის სამინისტრომ წამოიწყო. „თავადაცვის სტრატეგიული მიმოხილვის" დოკუმენტისა და ახლა უკვე ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების გაცნობის შემდეგ, სამინისტროს მუშაობაზე, მართლაც მეტი წარმოდგენა შეგვექმნა" - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ანდრე ევრარმა.