საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობა შეიქმნება. ამის შესახებ ს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს ინფორმაცია დღევანდელ შეხვედრაზე მიაწოდა.
ირაკლი ალასანიას განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე შეიარაღებული ძალები წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით მივიდა. მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობის შექმნის გადაწყვეტილებას თავადაც ეთანხმება: „როდესაც 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, სხვა პრობლემებთან ერთად, ქართული არმია დადგა იმ პრობლემის წინაშეც, რომ დასავლეთში და აღმოსავლეთში განლაგებულ სამხედრო ქვედანაყოფებს ავტონომიური მოქმედების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობა იქნება დამოუკიდებელი რესურსების შექმნის ძალიან მოკლე გზა. ჩვენ გვაქვს ზუსტად გათვლილი გეგმა როგორ უნდა შევუქმნათ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის სარდლობას ის ავტონომიური ელემენტები, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს კონფლიქტის ესკალაციის პირობებში ავტონომიურად იმოქმედონ და შემოსულ მტერს წინააღმდეგობა გაუწიონ" - განაცხადა მინისტრმა.