თავდაცვის უწყებიდან უკანონოდ დათხოვნილი სამხედრო პირების განცხადებებს, სპეციალური საკვალიფიკაციო თანამდებობრივი კომისიები მიმდინარე წლის 22 თებერვლიდან განიხილავენ. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტება გააკეთა. როგორც თამარ ქაროსანიძემ აღნიშნა, ეს კომისიები პირთა კვალიფიკაციებს და სამინისტროში არსებულ ვაკანსიებს ადგენენ, რის მიხედვითაც მოხდება სამხედრო პირების დასაქმება.
სპეციალური თანამდებობრივი საკვალიფიკაციო კომისიების შექმნამდე, უკანონოდ დათხოვილი კადრების განცხადებებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი სწავლობდა. გასული წლის 25 ოქტომბრიდან სამუშაო ჯგუფმა თავდაცვის უწყებაში აღდგენასა და დასაქმებასთან დაკავშირებით შემოსული 4 000-ზე მეტი განცხადება განიხილა. 1000-ზე მეტი კადრი უკვე დაბრუნდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სამუშაო ჯგუფმა მუშაობა 22 თებერვალს შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც განთავსდა.