ქართული დელეგაცია ავღანეთში იმყოფებოდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ და თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა ავღანეთის რესპუბლიკაში ერთი კვირის განმავლობაში ბაზები მოინახულეს და ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს საქართველოს მთავრობის და მინისტრის ახალი ინიციატივები გააცნეს. როგორც ცნობილია, სამხედროების ხელფასი 25 პროცენტით გაიზარდა; მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის საბანკო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პროცესი; გაუმჯობესდა სადაზღვევო პაკეტიც.
დელეგაციის წევრებმა ქართველ სამხედროებს პირობა მისცეს, რომ საქართველოში დაბრუნებულებს გაუმჯობესებული სოციალური პირობები და ინფრასტრუქტურა დახვდებათ.
ქართული დელეგაცია ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს ყოველდღიურად ეცნობოდა. მათ ქაბულში ფრანგულ ბაზაზე მყოფი ქართული ოცეული და ჰელმანდის პროვინციაში მე-12 და 32-ე ქართული ბატალიონები მოინახულეს. ისინი ავღანეთში ამ დროისთვის მიმდინარე ქართული ბატალიონების როტაციის პროცესსაც გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნებთან. ქართული დელეგაცია ავღანეთში ნატოს სრულუფლებიან ელჩს მაურიც იოკემს, ავღანეთში საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდალს გენერალ ჯოსეფ დანფორდსა და ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური სარდლობის მეთაურს გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერს შეხვდა. მხარეებმა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კოალიციის სარდლობამ ქართველ სტუმრებს ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისათვის ამერიკელი ოფიცრები, პოლკოვნიკი ოსტინ რენფორტი, ვიცე-პოლკოვნიკი ბრაიან ნილი, მაიორი რუდი სალსიდო, და მაიორი ენდრიუ დელგადიო გენერალ კვინიტაძის მედლით დააჯილდოვა.
ამ დროისთვის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში 1600-მდე ქართველი მსახურობს. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძარავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობაა.