საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ორიენტირებით სირბილში პირად გუნდური პირველობა გაიმართა. შეჯიბრი კოჯორში I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ჩატარდა. ასპარეზობაში შეიარაღებული ძალების თითოეული ქვედანაყოფიდან, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტიდან და თავდაცვის ეროვნული აკადემიიდან ორ-ორი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
შეჯიბრის დაწყებამდე 34 მონაწილეს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდა. საწყისი წერტილიდან ფინიშამდე, კომპასისა და რუქის საშუალებით, ჯარისკაცებს კოჯრის ტყეში განლაგებული თხუთმეტივე პუნქტი უნდა მოეძებნათ.
მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების და ასპარეზობის დროის მიხედვით შეაფასეს. გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ შესაბამისი სიგელები გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელი III ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულის კაპრალი გია ხოზრევანიძე გახდა. მან ასევე, მიიღო სპეციალური პრიზი - ყველაზე სწრაფი მორბენალი.
შეჯიბრი ორიენტირებულ სირბილში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სერჟანტთა მომზადების სკოლის ორგანიზებით პირველად ჩატარდა.