სერჟანტთა მომზადების სკოლას დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. სერჟანტთა სკოლის პირად შემადგენლობას იუბილე
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა. საზეიმო
ღონისძიება დღეს საგურამოში გაიმართა.
ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული
ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი
მოადგილეები, პოლკოვნიკები არსენ ცუხიშვილი და ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე, გერმანიის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი
მაიკლ ფრიკე დაესწრნენ.
ირაკლი ალასანიამ სერჟანტებს სიტყვით
მიმართა და სკოლის დაარსების 10 წლისთავი მიულოცა: „ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ყავს
ძალიან კარგად მომზადებული სერჟანტთა კორპუსი. სერჟანტები ჩვენი ჯარის ხერხემალია.
ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ასეთი სერჟანტთა სკოლა გაგვაჩნია. ეს ერთ-ერთი
მთავარი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს ღირსეული და კარგად მომზადებული
შეიარაღებული ძალები."
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სერჟანტებს
ყველა პრობლემის მოგვარებას, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას დაპირდა:
„ჩვენ ვიცით რა მნიშვნელობა აქვს, რომ თქვენ იყოთ სათანადოდ მომზადებული, გქონდეთ
საუკეთესო პირობები, რათა თქვენი ცოდნა და გამოცდილება გადასცეთ ჩვენი
შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას. მთავრობა დაწყებული პრემიერ-მინისტრით
და ჩვენი ხელმძღვანელობა მოწადინებულია, რომ უმოკლეს ვადებში დაატყოს ხელი
შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის სერჟანტებს. მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, რომ
მშვიდობის დასაცავად უფრო ძლიერი და მრავალმხრივ განვითარებული შეიარაღებული
ძალები გვყავდეს. დიდი მადლობა, რომ ემსახურებით ქვეყნას."
თავდაცვის მინისტრი სერჟანტების
საცხოვრებელ პირობებსაც გაეცნო და
სერჟანტთა მომზადების სკოლის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2006 წლიდან სერჟანტთა მომზადების
სკოლას და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის ჰამელბურგის ქვეითთა
სკოლას შორის გაფორმდა ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ, რომელიც დღემდე გრძელდება.
2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი
სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. სერჟანტთა მომზადების სკოლა ამჟამად
გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას ექვემდებარება.