დღეს, ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გაცილების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III და IV ქვეითი ბრიგადების 33-ე და 42-ე ბატალიონების ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის უკვე მზად არიან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ორივე ბატალიონმა კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიარა. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა. სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდნენ. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, კონვოის ოპერაციები და დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები შეისწავლეს. ქართველმა სამხედროებმა ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობის მეთოდები დახვეწეს.
ახალი სამშვიდობო კონტინგენტი ავღანეთში ეტაპობრივად ჩაანაცვლებს I და II ქვეითი ბრიგადების მე-12 და 23-ე ბატალიონებს. ქართველი სამშვიდობოები საერთაშორისო მისიას ჰელმანდის პროვინციაში ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში შეასრულებენ.
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გამართულ ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, გაერთაინებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გაცილების ცერემონიალზე ქართველმა სამხედროებმა და მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას. ქართველი სამშვიდობოები მამა გაბრიელმა და მამა გობრონმა დალოცეს და ავღანეთში საერთაშორისო ოპერაციის წარმატებით განხორციელება უსურვეს. კაპელანები ქართველ სამშვიდობოებს ავღანეთშიც მიყვებიან.
საერთაშორისო მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და ქართველ სამხედროების სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა: „ჩვენი ორი ბატალიონი ავღანეთში მისიის გასაგრძელებლად მოემზადა. ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ საერთაშორისო და განსაკუთრებით, ამერიკელმა სამხედრო ქვეითებმა მათ საბრძოლო მომზადების თვალსაზრისით უმაღლესი შეფასებები მისცეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ისინი სამშობლოში მშვიდობით დაგვიბრუნდნენ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, პირნათლად შეასრულონ მისია. ეს აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს იმიჯს მსოფლიოში, მხარს უჭერს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას ნატოში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. ხაზს ვუსვამ, თუკი დღეს საქართველოს მთელს მსოფლიოში პოზიტიური, დადებითი იმიჯი აქვს, რომ ეს არის ძალიან გაბედული მებრძოლების ქვეყანა - სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა და კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად მინდა მათ მადლობა გადავუხადო".
33-ე და 42-ე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩმა. როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, ქართველი ჯარისკაცები შესანიშნავად არიან მომზადებული და კარგად გაართმევენ თავს დასახულ ამოცანებს. მისივე თქმით, ქართველ სამხედროებს კარგი რეპუტაცია აქვთ მოპოვებული და საქართველოს საბრძოლო უნარიანობა კარგად ჩანს მისიის შესრულების დროს.
დღესვე, რიჩარდ ნორლანდმა სერჟანტები შოთა ტყაბლაძე და მალხაზ ძებისაური ავღანეთში გაწეული ღვაწლისთვის, აშშ-ის საზღვაო ძალების მედლით დააჯილდოვა. ისინი ავღანეთში 2012 წელს მსახურობდნენ.