18 მარტს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მინისტრის მოადგილეების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ კომისიის სხდომაზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის მიერ დამტკიცებული 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამა ოფიციალურად წარადგინა. სხდომის მუშაობაში, ასევე, მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილეები სოფიო ჯაფარიძე და არჩილ თალაკვაძე, რომლებმაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხებზე, ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ წარდგენილი წლიური ეროვნული პროგრამა და გამოხატეს მზადყოფნა, დაეხმარონ ქართულ მხარეს პროგრამის წარმატებით შესრულებაში.ასევე, მიესალმნენ პენიტენციალური სისტემის რეფორმირებაში მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ რეფორმებს.
ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მოკავშირეებმა აღნიშნეს კოჰაბიტაციისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკური ძალების წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ალიანსში ინტეგრაციის კუთხით.
ინფორმაციისათვის, 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ მიმდინარე წლის 1 მარტს დაამტკიცა. წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისიასთან ერთად საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. 2009-2010-2011-2012 წლების წლიური ეროვნული პროგრამები ნატოს მიერ დადებითად იქნა შეფასებული. 2013 წლის პროგრამა რიგით მეხუთე დოკუმენტია.