საქართველოში ვიზიტით თურქეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის 21-კაციანი დელეგაცია იმყოფება. თურქი სამხედრო მაღალჩინოსნები დღეს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრნენ. დელეგაციის წევრები თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ მიიღო. შეხვედრაზე თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას. მინისტრის მოადგილემ თურქულ მხარეს პოლიტიკური მხარდაჭერისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
დღესვე, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს შეხვდნენ. გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები გააცნეს.
ვიზიტის ფარგლებში თურქეთის დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ საქართველოს სამხედრო მრეწველობას გაცნობოდნენ. ქართული პროდუქცია მათთვის ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" გამოიფინა. სტუმრებმა სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. თურქების მხარდაჭერით სასწავლო ცენტრ "კრწანისში" რამდენიმე ლოგისტიკური პროექტი განხორციელდა.
თურქეთი და საქართველო სამხედრო სფეროში 20 წელია თანამშრომლობენ. თურქეთის სამხედრო სასწავლებლებში სხვადასხვა კურსი 1500-მდე ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. აღსანიშნავია თურქეთის წვლილი ეროვნული თავდაცვის აკადემიის მოდერნიზაციასა და საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარებაში.