დღეს, ქართული არტილერია 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. არტილერიის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ვაზიანში I საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. პროფესიული დღე არტილერისტებს სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა და ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა კონცერტით მიულოცეს.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე დაესწრნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც მიულოცეს. I საარტილერიო ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე მათთვის „ღია კარის დღე" მოეწყო. კონცერტის დასრულების შემდეგ, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ოჯახის წევრებს სამუშაო გარემო გააცნეს და ბაზაზე გამოფენილი საარტილერიო სისტემები და სადაზვერვო ხელსაწყოები დაათვალიერებინეს.
დღესვე, არტილერიის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ხონსა და ორფოლოში გაიმართა. II საარტილერიო ბრიგადის სამხედროებს პროფესიული დღე ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავი" მიულოცა. ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებიც დაესწრნენ.
ორფოლოში II და III ქვეითი ბრიგადების საარტილერიო ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, არტილერიის დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა არსენ ცუხიშვილმა აღნიშნა. ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე იუმორისტული პროგრამითა და კონცერტით ბესო ბერულაშვილმა და ქუჩის მუსიკოსებმა მიულოცეს.