ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2013" დაიწყო.
ერთობლივ წვრთნებში აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის 350 სამხედრო მოსამსახურე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი იღებს მონაწილეობას. 23-ე ბატალიონი ის ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო მისიიდან უდანაკარგოდ დაბრუნდა საქართველოში.
სამხედრო სწავლება "Agile Spirit 2013" მესამე წელია პერმანენტულად ტარდება. ერთობლივი წვრთნა მიზნად ისახავს სამხედრო დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების გაღრმავებას, რათა მათ დაეხმაროს ერთმანეთისთვის საკუთარი შესაძლებლობების და უნარების გაზიარებაში. ასევე, ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციებში ურთიერთგაძლიერება და აშშ-სა და საქართველოს სამხედრო შეიარაღებულ ძალების ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნებაა.
ერთთვიანი სწავლება სამ ეტაპად დაიგეგმა. სწავლების აქტიური ფაზა 18 მარტს დაიწყება და 29 მარტს დასრულდება. საცეცხლე მომზადების დროს, ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა ტიპის და კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღებიდან პრაქტიკული სროლის უნარ-ჩვევებს დახვეწენ. შემდეგ ეტაპზე ტაქტიკური წვრთნებია დაგეგმილი. ტაქტიკური მომზადების დროს, სამხედროები შეისწავლიან ყველა იმ ამოცანას, რომელსაც ISAF-ის მისიის დროს ჯარისკაცები ავღანეთში ასრულებენ.
სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებისთვის, პირობით სცენარში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობთა ჯგუფიც, რომლებიც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა შორის შეირჩევიან. შეთანხმება ამ საკითხზე უკვე მიღწეულია.
სწავლება მაქსიმალურად გახსნილი იქნება მედია საშუალებებისთვის. საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება ქართულ-ამერიკული წვრთნის შესახებ. პირველად საქართველოს ისტორიაში ამ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული მედია საშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურ მომზადებას გაივლიან ავღანეთში ISAF-ის მისიის გასაშუქებლად. კორესპონდენტები უსაფრთხოების მექანიზმებს შეისწავლიან და დეტალურად გაეცნობიან, თუ რას წარმოადგენს თითოეული ის ტაქტიკური ამოცანა, რასაც ISAF-ის მისიაში მონაწილე პერსონალი ავღანეთში ასრულებს.
სამხედრო წვრთნები 5 აპრილს დასრულდება.