ბაქოში გუშინ საღამოს პოლიციამ ოპოზიციის არასანქცირებული აქციის 60-მდე მონაწილე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „კავკაზსკი უზელი" ავრცელებს. დემონსტრანტები აზერბაიჯანის არმიაში დანაკარგებს აპროტესტებდნენ.
დაკავებულთა შორის ოპოზიციური მოძრაობა „ნიდას" და სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებიც არიან. ბაქოს პოლიცია დაკავებულთა ზუსტ რიცხვს არ ახმაურებს.
„კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, დემონსტრაციაში მონაწილეობა დაახლოებით 500-მა ადამიანმა მიიღო, თუმცა, სააგენტო „ფრანსპრესი" იუწყება, რომ მათი რიცხვი 1000-მდეც იყო. ძირითადი მასა შადრევნების მოედანზე შეიკრიბა, ხოლო დანარჩენი, უფრო პატარა ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა ადგილებში გამოჩნდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასასშლელად სახანძრო მანქანები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
აქციის მიზეზი აზერბაიჯანის არმიაში ორი რიგითის სიკვდილი გახდა, რომლებიც სამხედრო ნაწილში გარდაიცვალნენ. ერთ-ერთის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, ხოლო მეორის - თვითმკვლელობა, თუმცა, ორივე გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამ ვერსიებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ისინი მოკლულები არიან. აზერბაიჯანის ოპოზიცია ხელისუფლებისაგან სწორი ინფორმაციის გავრცელებას და გამოძიებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი აქციებით იმუქრება.
მასალის გამოყენების პირობები