რამდენიმე ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში, კერძოდ, ინგუშეთსა და დაღესტანში კრემლი რეგიონების ხელმძღვანელების პირდაპირი გზით არჩევის გაუქმებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამას გარდა, გაზეთს მიერ გამოკითხული ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ ამ რესპუბლიკებში პირდაპირი არჩევნები აღარ იქნება, ვინაიდან საარჩევნო პროცესმა შესაძლოა იქ მდგომარეობა დაძაბოს და სიტუაციის დესტაბილიზება მოახდინოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცესკო სხდომას დღეს გამართავს. სხდომაზე წარმოდგენილი იქნება ანგარიში ე.წ. "მუნიციპალური ფილტრის" გამოყენების გამოცდილების შესახებ გასული წლის გუბერნატორების არჩევნებში. გაზეთის ინფორმაციით, ანგარიშის ავტორთა აზრი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაკავებულ პოზიციას ემთხვევა, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში ე.წ. მუნიციპალური და საპრეზიდენტო ფილტრების გამოყენება კანონიერად ჩათვალა, მიუხედავად ოპოზიციის განცხადებებისა, რომლის მიხედვითაც ამ ე.წ. ფილტრების გამოყენებით, სახელისუფლებო პარტია "ნებისმიერ თანამდებობაზე გაწვრთნილი მაიმუნის არჩევასაც კი შეძლებს".