ჰელმანდის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალურმა სარდლობამ თავის სამოქმედო არეალში სამხედრო ოპერაცია განახორციელა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 32-ე და 12-ე ქართული ბატალიონების 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ოპერაციის, კოდური სახელით „დინამიური პარტნიორობა", მთავარი მიზანი შურაკაის რაიონში ჩარჩენილი ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანა იყო, ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა კი - „წითელი გზისა" და „ბამას გზის" გაკონტროლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამოქმედო არეალი 40კმ-ს ფარავდა.
სამხედრო ოპერაცია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა და მსხვერპლის გარეშე დასრულდა. „დინამიურ პარტნიორობა"-ში ქართველ სამხედროებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეშვიდე საბრძოლო პოლკის მე-2 საინჟინრო ბატალიონი, პირველი სატანკო ბატალიონი, მე-2 ლოგისტიკური პოლკი და მსუბუქ ვერტმფრენთა 169-ე ესკადრილია იღებდა მონაწილეობას.