აშშ-ის გაერთიანებულ მრავალეროვან მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ISAF-ის მისიისთვის IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის და III ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ქართველი სამხედროების მოსამზადებელი წვრთნები დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, გერმანიაში არსებულ „ჰოჰენფელსის" სამხედრო ბაზაზე სასწავლო ვითარება ავღანეთში არსებულ გარემოსთან მაქსიმალურად იყო მიახლოებული. შექმნილია იმიტირებული ავღანური ქალაქი, სადაც ქართველი სამხედროები ავღანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას და ავღანეთში ყოფნისას საჭირო სხვა უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ, ეგუებოდნენ იმ გარემოს, სადაც სამშვიდობო მისიის შესრულება მოუწევთ. ,,ჰოჰენფელსის'' საწვრთნელ ბაზაზე ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ამბოხებულთა საწინააღმდეგო (COIN) ოპერაციების წარმოებას, საბრძოლო ველის მომზადებას, გაწმენდას, შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას ასწავლიდნენ. „ჰოჰენფელსი"-ში მომზადების დასრულების შემდეგ ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრებიან და ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში საერთაშორისო ტერორიზმს შეებრძოლებიან. მათი მთავარი ამოცანა პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იქნება.