თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი რამაზ დავითაია მოინახულეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი დავითაია სამშვიდობო მისიაში სპეციალური ოპერაციის შესრულების დროს სნაიპერის ტყვიით დაიჭრა. გერმანელი ექიმების შეფასებით ქართველი სამხედროს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი მკურნალობის კურსი ინტენსიურად მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს და გერმანელი ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით ქართველი კაპრალი მკურნალობას გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაში გააგრძელებს, რათა მოხდეს მისი სრულყოფილად რეაბილიტაცია.
ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში დავითაიას ყველა პირობა აქვს შექმნილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. კაპრალთან გერმანიაში მუდმივად იმყოფებიან მისი ნათესავები და ოჯახის წევრები. დავითაიას ყოველდღიური კავშირი აქვს საქართველოში ოჯახთან.
მეორე ბრიგადის ოცდამესამე ბატალიონის კაპრალი, რამაზ დავითაია 5 თვის წინ ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისას დაიჭრა.