ამ დროისათვის, სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები თითქმის მთლიანად დათვლილია. როგორც ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტი იუწყება, სერჟ სარქისიანი ლიდერობს და მას ხმათა 58 პროცენტი აქვს.
მეორე ადგილზე ოპოზიციური პარტიის, „მემკვიდრეობის" ლიდერი რაფი ოვანესიანია 36,72 პროცენტით. დანარჩენმა კანდიდატებმა 2 პროცენტზე ნაკლები ხმები მოაგროვეს.
სომხეთის პრეზიდენტის არჩევა ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება. არჩევნებში უბრალო უმრავლესობის მომპოვებელი კანდიდატი იმარჯვებს. როგორც ვარაუდობენ, წინასწარი შედეგები დღეს საღამოს გამოცხადდება, ხოლო საბოლოო შედეგები - შემდეგი სამი დღის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს.