თავდაცვის სამინისტრო სამხედრო პოლიციელების ღია წერილს პასუხობს:
13 თებერვალს LivePress.ge-ზე გამოქვეყნდა ყოფილ სამხედრო პოლიციელთა ღია წერილი, რომელშიც ავტორები თავდაცვის მინისტრს აცნობებდნენ, რომ სამხედრო პოლიციის ახალმა ხელმძღვანელობამ ერთი ხელის მოსმით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლა რამდენიმე ასეული თანამშრომელი, რომ ხელმძღვანელები არაპროფესიონალები, უუნაროები და დამნაშავეები არიან და რომ ყველაფერ ამის გამო სამხედრო პოლიციის იმიჯი ილახება.
გასული წლის დეკემბერში, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე სტრუქტურული და საშტატო რეორგანიზაციის შედეგად 1159 თანამშრომელი კადრების განკარგულებაში იქნა გადაყვანილი. დღეის მდგომარეობით, მათგან 568, თითოეულის წარსული საქმიანობის, გამოცდილების და პროფესიონალიზმის შესწავლის შემდეგ, კვლავ დაინიშნა სხვადასხვა თანამდებობებზე სამხედრო პოლიციაში.
226 სპეცდანიშნულების რაზმის სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების დაქვემდებარებაში გადავიდა.
3 პირს პროკურატურამ ბრალი წაუყენა და ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.
ყველა სხვა თანამშრომელი (362 პირი) კვლავ რჩება კადრების განყოფილებაში. სამხედრო პოლიციაში ახლაც მიმდინარეობს მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შეფასება.
სამსახურს ვერ შეინარჩუნებენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაული (რამდენიმე ასეთ პირზე გამოძიება დაწყებულია) ან სხვა სახის მნიშვნელოვანი დარღვევა (მათ შორის, შინაგანაწესის ხშირი დარღვევა, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში - მოსმენებში, მომიტინგეთა და აქტივისტთა დარბევაში და ა.შ. - მონაწილეობა, სამხედრო პოლიციაში მუშაობის დროს დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვა) აქვთ ჩადენილი; ასევე ის პირები, რომლებსაც არა აქვთ საკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია და თანამდებობებზე ნათესაური კავშირების შედეგად ან სხვა სუბიექტური ნიშნით იყვნენ დანიშნულები. ამის დასადგენად სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობა თითოეულ თანამშრომელს სთხოვს, აღწერონ მათ მიერ გასულ წელს შესრულებული სამუშაო.
სამხედრო პოლიციაში მიმდინარე ეს პროცესები სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ პოლიციაში მდგომარეობა გამოსწორდეს და მან შეძლოს თავისი უმთავრესი ფუნქციის ეფექტიანად შესრულება - საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამართლიანობისა და წესრიგის დამყარება. სამწუხაროდ, წინა წლებში სამხედრო პოლიციას მართლაც შეელახა იმიჯი სწორედ იმის გამო, რომ მისი თანამშრომლების ნაწილი დანაშაულებრივ ქმედებებში იყო ჩართული. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არაერთი ასეთი ფაქტი გამოაშკარავდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 568 ძველი თანამშრომელი აღდგენილია სამსახურში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამხედრო პოლიციელებს მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს მსახურების გამო არ ათავისუფლებენ.
არასწორია წერილში მოტანილი ინფორმაცია პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილის, სერგო ჩაჩიბაიას ნასამართლეობის შესახებაც. ბატონ ჩაჩიბაიას ნასამართლეობა არა აქვს, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება როგორც სასამართლოში, ისე სამართალდამცავ სტრუქტურებში.
რაც შეეხება სხვა ხელმძღვანელი პირების უუნარობას, არაპროფესიონალიზმს, მექრთამეობას, თუ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე, ჯარისკაცის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას და სამხედრო პოლიციის მიერ ამ ფაქტის გასაიდუმლოებას (რაზეც ღია წერილშია საუბარი), გთხოვთ, მოგვაწოდოთ უფრო კონკრეტული ინფორმაცია, რათა შევძლოთ საკითხის შესწავლა და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, მასზე სათანადოდ რეაგირება. როგორც სამხედრო პოლიციელები, დაგვეთანხმებით, რომ ზოგადი განცხადებები და შეფასებები ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
კვლავ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მიზანი თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში სამართლიანობის, პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის დამკვიდრებაა. მზად ვართ, სიღრმისეულად შევისწავლოთ ნებისმიერი ფაქტი, რაც ამ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, უშუალოდ სამინისტროს ხელმძღვანელობას მოგვაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტული პირების მიერ ან მათ მიმართ განხორციელებული კონკრეტული უკანონო ქმედებების შესახებ (რადგანაც ფიქრობთ, რომ თქვენი ვინაობის განსაჯაროებას სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობის მხრიდან გართულებები მოჰყვება). მივესალმებით ამ პროცესში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ჩართვასაც და მოხარულები ვიქნებით, თუ მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, სიმართლის დადგენაში სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სასამართლოებიც ჩაერთვებიან.