რეკრუტირების პროგრამასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები და სამხედრო მოსამსახურეები მთელი საქართველოს მასშტაბით აცნობენ მოსახლეობას საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღების პირობებს და დამატებითი ინფორმაციისთვის საინფორმაციო ბროშურებსა და ჟურნალებს არიგებენ.
საინფორმაციო კამპანიამ უკვე მოიცვა რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთისა და სამეგრელოს რეგიონები. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები შეხვდნენ შიდა და ქვემო ქართლის, ასევე, თბილისის შემოგარენის მოსახლეობას. გორის რაიონში კამპანიას საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც შეუერთნენ და მოქალაქეებს კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.
მოქალაქეების შეკითხვები ძირითადად სამხედრო სამსახურში არსებულ პირობებს, ანაზღაურებას, სოციალური პაკეტის გაუმჯობესებასა და შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი სამხედროების აღდგენის საკითხებს შეეხო. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურის სურვილი გამოთქვეს, კონტრაქტის საფუძველზე, სამხედრო სამსახურში უკვე მყოფმა პირებმა და სტუდენტებმაც. ბევრი ახალგაზრდა სამშვიდობო მისიაში მონაწილეობითაც დაინტერესდა.
საინფორმაციო კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები რეკრუტირების პროგრამის პირობებს გურიისა და აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების მოსახლეობასაც გააცნობენ.
მასალის გამოყენების პირობები