ბოლოს სია მაინც გაიგზავნა და მასში 60-ზე მეტი საწარმოა, თუმცა ონიშჩენკოს არაერთგზის უთქვამს, რომ მხოლოდ იმ ქარხნებზე ისაუბრებს, რომლებიც მის მიერ მომზადებულ ნუსხაშია. ეს კი დაახლოებით 30 საწარმოა. რა ნიშნით შეარჩია მთავარმა სანიტარმა ეს საწარმოები, ძნელი მისახვედრი არ არის: ლაპარაკია იმ ქარხნებზე, რომლებიც ჯერ ერთი, რუსული კაპიტალის ხელშია და მეორეც, მათი ხელმძღვანელები თუ მფლობელები ჯერ კიდევ 2009-2012 წლებში ცდილობდნენ ონიშჩენკოს მოთაფვლას. თანაც, არ არის გამორიცხული, ძველის-ძველი ტექნოლოგიის გამოყენებით, როცა მოსკოვში „ორი ბოთლი კონიაკით" სერიოზული საქმეები წყდებოდა. თუმცა წყდებოდა მხოლოდ მანამ, სანამ საქმეში კრემლი და უმაღლესი სახელმწიფო ინტერესები ჩაერეოდნენ. არადა ბევრ ქართველ ჩინოსანს დღემდე ჰგონია, რომ დამოუკიდებლობაც შეიძლება ისევე „ჩააწყო", როგორც რამდენიმე მილიონი დეკალიტრი ღვინის გატანა რუსულ ბაზარზე.
თვალწინ გვაქვს მოლდოვას მაგალითი, რომელმაც დაახლოებით ასეთივე გზა განვლო. ონიშჩენკო ამ ქვეყნიდანაც იღებდა დელეგაციებს, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ სანამ კრემლმა მყარი გარანტიები არ მიიღო დნესტრიპირეთის გარშემო სტატუს-ქვოს შენარჩუნებისა და მოლდოვას ნეიტრალობის შესახებ, - არც ერთი ბოთლი მოლდოვური ღვინო რუსეთში არ დაუშვეს. ხოლო როცა მაინც მოიღო მოწყალება, მხოლოდ იმ საწარმოებს მისცა ლიცენზია, რომლებიც რუსულ კაპიტალს ეკუთვნოდა.
ზუსტად ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც: ადრე თუ გვიან „როსპოტრებნადზორის" ინსპექტორები ჩამოვლენ, ჩამოიყვანენ რუს ჟურნალისტებს, შეამოწმებენ იმ საწარმოებს, რომლებიც რუსულ კაპიტალს ეკუთვნის და ყოველნაირად შეეცდებიან ეს ინსპექცია მასშტაბურ PR-ღონისძიებად აქციონ. ბოლოს შეიძლება მცირე რაოდენობის ღვინო მართლაც მოხვდეს რუსულ დახლებზე, სადაც 2006 წლიდან მისი ადგილი ჩილესა და კალიფორნიის სასმელებმა დაიკავეს.
ამ თემაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ნიშანდობლივი რამ თქვა: „ჩვენ არა მხოლოდ ხარისხზე დავაწესებთ კონტროლს, არამედ რუსულ მაღაზიებშიც ყოველნაირად გავაკონტროლებთ, რომ ფალსიფიცირებული ღვინო არ გაიყიდოსო". ეს განცხადება ონიშჩენკოს ალბათ ძალიან გაუკვირდება. რბილად რომ ვთქვათ საეჭვოა, მან რუსეთის ტერიტორიაზე ვინმეს მისცეს უფლება სავაჭრო ქსელი გააკონტროლოს. მით უმეტეს, თუ მისი მიზანი, როგორც ბევრი თვლის, რუსეთში ფალსიფიცირებული ქართული ღვინის წარმოების განახლებაა, რათა ამ ღვინომ მეზობელ ქვეყნებში (პირველ რიგში უკრაინაში) დაგვინგრიოს ბაზარი! პრემიერის განცხადება ნამდვილად ნიშნავს, რომ იგი ამ საშიშროებას აცნობიერებს, მაგრამ საქართველოს მხრიდან რუსული მაღაზიების კონტროლი სრულიად უპერსპექტივო გზაა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული ღვინის და ბორჯომის რუსულ ბაზარზე დაბრუნების ეკონომიკური და სოციალური სარგებლობაც აშკარად გადაჭარბებულია: თანაც, „ბორჯომი" უკვე რუსული კომპანიაა. რაც შეეხება ღვინოს, ონიშჩენკომ ღვინომასალების იმპორტი იმთავითვე გამორიცხა („ბოდიაგას" დაყენება პოდმოსკოვიეში შაქრიანი წითელი წყლითაც შეიძლება), ჩვენი ქარხნების მნიშვნელოვანი ნაწილი კი არა კახური, არამედ აზერბაიჯანული და სომხური ყურნით ამზადებს ღვინოს, რაც უფრო იაფია. სინამდვილეში, ის „1 დოლარი", რაც 2006 წლამდე ყურძნის ჩაბარება ღირდა, სწორედ ღვინომასალების ექსპორტით იყო განპირობებული და არა ბოთლის ღვინით.
ანუ, მთელი ეს კამპანია „ღვინისა და ბორჯომის რუსულ ბაზარზე დაბრუნების" თაობაზე, მხოლოდ PR-ზეა გათვლილი. ნამდვილი გარღვევა და გაჭირვებული ხალხის დახმარება ის გახდებოდა, თუ ონიშჩენკო, პირველ რიგში, არა ღვინოსა და მიხეილ ფრიდმანის კუთვნილ „ბორჯომზე", არამედ მანდარინზე, ვაშლზე, ბოსტნეულზე და მწვანილზე მოხსნიდა ემბაროგოს. აი, ეს იქნებოდა რეალური შვება საცოდავი გლეხობისთვის. მაგრამ დავაკვირდეთ: ამაზე ჯერ ლაპარაკსაც არ აპირებს! არ აპირებს, რადგან მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ PR-კამპანია ღვინისა და ბორჯომის შესახებ ეკონომიკურ სიტუაციას საქართველოში რეალურად ვერ გააუმჯობესებს, სოფლის მეორნეობის პროდუქციის (ბოსტნეულის, ციტრუსის, ხილის და ა.შ) ექსპორტი კი მნიშვნელოვანი ბონუსი იქნებოდა იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც არც დსთ-ში აპირებს დაბრუნებას და არც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ფიქრობს მოსკოვთან.
რაც შეეხება ყბადაღებულ WTO-ს თემას, რომელიც ზოგიერთებს პანაციად მიაჩნიათ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მთავარმა სანიტარმა ამერიკული ხორცის იპორტი საბოლოოდ და სრულად აკრძალა, - ვითომდაც მოსახლეობის ჯანდაცვის მოსაზრებებით, სინამდვილეში, მაგნიტსკის აქტის საპასუხოდ. ამერიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა საწყლად კი წამოიკნავლა: „ამით რუსეთი WTO-ში გაწევრიანებისას ნაკისრ ვალდებულებებს არღვევსო", მაგრამ აბა ვნახოთ ერთი, რას დააკლებენ ონიშენკოს WTO-ში ჩივილით. ყურებზე ხახვსაც ვერ დააჭრიან!
ამერიკაც კი. და საქართველო იქ რამეს გააწყობს?
კაცმა რომ თქვას, ჩვენს ამერიკელ მეგობრებზე ახიცაა: მედიდურად რომ გვამუნათებდნენ 2 წლის წინ: გინდათ თუ არ გინდათ, ქართველები ვალდებული ხართ „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში" რუსეთის შესვლას ხმა მისცეთ, რადგან მსოფლიო ეკონომიკას (იგულისხმება მათ ეკონომიკას) სჭირდება, მოსკოვმა ცივილიზებული წესებით ითამაშოსო.
ჰოდა ეთამაშონ ახლა ონიშჩენკოს ამ „ცივილიზებული წესებით".
"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი