საქართველოს თავდაცვის მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა. ლიცეუმის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრს და მიწვეულ სტუმრებს სასწავლებლის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ, ირაკლი ალასანია დეტალურად გაეცნო სამხედრო სასწავლებლის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს, დაათვალიერა ყაზარმები, ლაზარეთი, სასწავლო აუდიტორიები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი. ლიცეუმის დათვალიერების შემდეგ თავდაცვის მინისტრი პედაგოგებს და კადეტებს შეხვდა და კადეტებთან ერთად ისადილა.
„სიამაყით ავივსე როდესაც ვნახე კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ქუთაისში. აქ სტატისტიკურად ყველაზე საუკეთესო მოსწავლეები არიან. ჩვენ, პედაგოგიური კოლექტივი, ამ ლიცეუმის ხელმძღვანელობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ კარგი განათლების პირობები და საშუალებები მივცეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები ძლიერი სამხედრო ლიდერები გახდებიან" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ამ დროისათვის ლიცეუმში 291 კადეტი სწავლობს. პირველ კურსზე 114, მეორეზე - 88, მესამეზე - 89. ლიცეუმში სასწავლო პროცესი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმისა და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს.