დღეს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ქუთაისის III ქვეითი ბრიგადისა და სენაკში მდებარე II ქვეითი ბრიგადის ბაზებს ესტუმრა. გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ბაზებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო პირობებს ადგილზე გაეცნო.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია ქუთაისის III ქვეითი ბრიგადის ბაზის ინფრასტრუქტურა. „ეს თანხები არ იყო გამჭვირვალედ დახარჯული და არ არსებობდა არანაირი კონტროლის მექანიზმი. ამის გამო, ის დიდი თანხები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის უწყებაზე დაიხარჯა, პრაქტიკულად 5 ნახევარ მილიარდზე მეტი, აღმოჩნდა, რომ რეალურად არ მოხმარდა ჯარს და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ეს ყველაფერი იცვლება. ამის გამოსწორებას ერთი დღე არ ეყოფა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურის შეცვლის და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის გრძელვადიანი გეგმა. რაც კარგი გაკეთდა გასულ პერიოდში იმას შევინარჩუნებთ და ამისათვის მადლობას ვეტყვით ყველას" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის დავალებით, სამხედრო ბაზებზე არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნა. სამუშაო ჯგუფმა უკვე შეისწავლა სამხედრო ნაწილებში არსებული პრობლემები და ჯარისკაცებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად, რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმა შემუშავდა.