დღეს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში" პროექტი „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013" განიხილეს. სრულყოფილი დოკუმენტის მიღების მიზნით, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან დოლიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს დოკუმენტის პროექტი გააცნო.
პარლამენტარებთან შეხვედრაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ რეორგანიზაციასა და რეფორმების პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„დღეს, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის მიგვეწოდებინა ჩვენი მოსაზრებები, იმის შესახებ, თუ როგორ ვგეგმავთ ნატოსთან თავსებადი, ძლიერი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას; როგორ ვაპირებთ პროფესიულ არმიაზე ეტაპობრივად გადასვლას; ეფექტიანი რეზერვის სისტემის შექმნას და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას. წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები." - განაცხადა ლევან დოლიძემ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა დოკუმენტის პროექტი დადებითად შეაფასეს. როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტების დამტკიცებას პარლამენტი არ ახორციელებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტრომ სურვილი გამოთქვა, დოკუმენტი პარლამენტარებს განეხილათ. საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადეგენლები „თსმ 2013" პროქტს დეტალურად გაეცნობიან და თავდაცვის სამინისტროს საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს შესთავაზებენ.
„თსმ 2013" თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დაგეგმვის ძირითადი დოკუმენტია და ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა" თავდაცვის სისტემის ინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში მნიშვნელოვან ელემენტებსა და ძირითად მიმართულებებსაც განსაზღვრავს.
თავდაცვის უწყებამ „თსმ 2013" პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამხედრო ექსპერტებთან და სამხედრო თემაზე მომუშავე ჟურნალისტებთან უკვე განიხილა. სრულყოფილი დოკუმენტის ჩამოყალიბებამდე, თავდაცვის სამინისტრო მსგავსი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.