დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. ირაკლი ალასანიამ მათ უფლებებისა და სოციალური დაცვის პაკეტის შესაქმენლად თავდაცვის უწყების მიმართულებები გააცნო.
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელიც განიხილავს თუ როგორ სტრუქტურულ ქვედანაყოფად უნდა ჩამოყალიბდეს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი. კომისია ასევე, მუშაობს ვეტერანთა სოციალური დაცვის მექანიზმებზე. თავდაცვის მინისტრმა შეკრებილ ვეტერანებს სთხოვა წარმომადგენლობითი ჯგუფი ჩამოაყალიბონ, რომელიც უწყებათშორის კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ალსანიამ ასევე, აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეების მსგავსად, ვეტერანებიც პოლიტიკის მიღმა უნდა იყვნენ და მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ ვეტერანთა პოლიტიკის შემუშავებაში.
„საქართველოს მთავრობის და თავდაცვის სამინიტროს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ღირსეული ცხოვრების პირობები და საშუალებები შეუქმნათ ჩვენს ვეტერანებს, იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეწირა ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ჩვენი ვეტერანების ჩართვას ემსახურებოდა იმ პროცესში, რასაც ვეტერანთა პოლიტიკის შემუშავება ჰქვია. სამწუხაროდ, 20 წლის განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა ასეთი პოლიტიკა. დღეს უკვე შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც სწორედ ვეტერანები უნდა ჩავრთოთ. უახლოეს პერიოდში ეს ჯგუფი უკვე წარმოადგენს სტრუქტურულად თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ვეტერანთა დეპარტამენტი, ასევე, წინადადებებს, თუ რა საკანონმდებლო ბაზაა შესაქმნელი მათი ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიებისთვის, რათა სოციალურად იყვნენ დაცული" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ვეტერანებს სამინისტროს კიდევ ერთი ინიციატივა გააცნო, სადაც თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცრებიც იქნებიან ჩართულები. ირაკლი ალასანიას თქმით, სამხედრო წარმატებები თუ მარცხი არასდროს ყოფილა გაანალიზებული. ამიტომ, სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე განხორციელებული ყველა ქმედება უნდა იყოს შესწავლილი. ეს შეცდომები და ვეტერანთა გამოცდილება გათვალისწინებული იქნება თავდაცვის მომავალ დოქტრინაში, რათა იგივე აღარ განმეორდეს.
ვეტერანებთან დღევანდელ შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები.