ENG / RUS       12+

ივანიშვილის სცილა და ქარიბდა

ჭრა-კერვათა და გაუპატიურებათა რაოდენობით, ჩვენი ქვეყნის ძირითად კანონს ალბათ მხოლოდ მრავალტანჯული „საარჩევნო კოდექსი" თუ შეედრება. ცვლილებები იმდენად ხშირია და არსებითი, რომ უკვე ანეგდოტურ ხასიათსაც კი იძენს. არადა, კონსტიტუციის „გაშაირება", არა მგონია, სასარგებლო იყოს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ეგზისტენციური პრობლემები აქვს.

მორიგი რეკორდი ალბათ სწორედ ამჟამად „იხსნება", როდესაც კონსტიტუციაში „7 თვიანი" შესწორება შედის: ცხადია, რომ იგი მხოლოდ 2013 წლის ოქტომბრამდე იმოქმედებს, ესე იგი მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რის შემდეგაც უკვე საკონსტიტუციო ცვლილებათა „წინა რიგი" ამოქმედდება და ქვეყანა საპრეზიდენტოდან - საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაიქმნება. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუცია კიდევ ერთხელ არ შეიცვალა და მთლად საპარლამენტო რესპუბლიკად არ ჩამოვყალიბდით, როდესაც პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ პარლამენტი აირჩევს.

თუმცა აქვს კი (ან „ყავს კი") ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა? ჯერ არა. მაგრამ თუ ისეთ ისტორიულ კატაკლიზმს გავითვალისწინებთ, როგორიც მარიკა ვერულაშვილის საპრეზიდენტო ფრაქციიდან გასვლაა (რას მოვესწარით!), 100 ხმა სულ მალე შეიძლება კიდეც მოგროვდეს და „ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუცია შეცვალოს, ანუ პრეზიდენტს მთავრობის დათხოვის უფლება ჩამოართვას. ეს ცვლილებაც შეიძლება არა 7 არამედ სულ რაღაც „2 თვიანიც" აღმოჩნდეს - აპრილის ბოლომდე. ზოგიერთი თვლის, რომ სწორედ აპრილიშია მოსალოდნელი „საკონსტიტუციო გადატრიალება", როდესაც პრეზიდენტს რჩება შანსი, ჯერ გადააყენოს მთავრობა, შემდეგ პარლამენტს წარუდგნოს ვანო მერაბიშვილის ან სულაც ბაჩო ახალაიას კანდიდატურა პრემიერ-მინისტრად და სამჯერ უარის შემდეგ პარლამენტიც გარეკოს, ხოლო ახალი საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტოს დაამთხვიოს. თან ისე, რომ ორივე არჩევნები მისმა მინისტრთა კაბინეტმა (ესე იგი ვანომ ან ბაჩომ) ჩაატაროს.

ბევრი მიიჩნევს, თითქოს ეს სცენარი სრულიად არარეალურია და სააკაშვილი ამაზე არ (ვერ) წავა.


კი, დღევანდელ მოცემულობაში ნამდვილად ვერ წავა. მაგრამ თუ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო აირია, გაფიცვები გამრავლდა და გაფართოვდა, კრიმინალმა იმატა, რეგიონებში სახელისუფლებო დომხალი გაძლიერდა, კოალიციაში რღვევის პროცესი გაღრმავდა, პრემიერმა პრეს-კონფერენციებისას საკუთარ თანამებრძოლთა ადიულტერებზე ისაუბრა, ერთი სიტყვით „ძაღლმა პატრონი ვეღარ იცნო", მაშინ მიშა სააკაშვილს ვერავინ და ვერაფერი დაუშლის, ჩართოს პირდაპირი ეთერი ყველა არხზე და სასოებით მიმართოს ერს ქვეყნის გადარჩენისა და გამანადგურებელ პროცესთა შესაჩერებლად აუცილებელი ერთადერთი საშუალების შესახებ. აკი თქვა კიდეც მისმა უახლოესმა თანამებრძოლმა და მესაიდუმლე ვანო მერაბიშვილმა: „ამ მთავრობას 4 წელს ვერ დავაცლითო". ამაზე მეტად და მკაფიოდ რაღა უნდა თქვან?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საკონსტიტუციო ცვლილებათა თემას მეორე შრეც აქვს, რომელიც უკვე არა იმდენად მიშასა და ვანოს, რამდენადაც თვით კოალიციის შიგნით მიმდინარე პროცესებს უკავშირდება: ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობის გადაყენებას უფრო მეტად უფრთხის, ვიდრე პარლამენტის „გარეკვას". იგი მზადაა პრეზიდენტს პირველი უფლება შეუკვეცოს, მეორე კი, პირიქით - გაუფართოვოს. ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ არ არის კმაყოფილი კოალიციით, რომელსაც, როგორც თავად სჯერა, მხოლოდ და მხოლოდ თვითონ გაამარჯვებინა საპარლამენტო არჩევნებში. ანუ ღრმადაა დარწმუნებული, რომ თუ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება (ოღონდ მისი პრემიერობის პირობით) იგი კიდევ უფრო დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ვიდრე 1 ოქტომბერს, თანაც „ოცნების" საარჩევნო სიაში ის ხალხი აღარ ეყოლება, ვინც „ალბინოსებსა" და „ამერიკაში წასვლა-არწასვლაზე" საუბრობდა მის ზურგს უკან - „კერძო კომუნიკაციისას". ადამიანი აშკარად აფრენს ოჯახზე და ამას (!) ვინმეს აპატიებს? ან ბოლოს და ბოლოს, კაცს ფარულად „კიტრს" ეძახი და გიკვირს, რომ შენი პრეზიდენტობა აღარ უნდა?

აქ იმალება სწორედ საშიშროება, რომელსაც, როგორც ჩანს, საკუთარ შეასძლებლობებში ღრმად დარწმუნებული ივანიშვილი არ ითვალისწინებს: კოლიციის შემადგენლობა ამჟამად ისეთია, როგორიც 2012 წლის 1 ოქტომბერს იყო. საკმარისია იგი დაიშალოს, რომელიმე სუბიექტი გამოაკლდეს, ანუ მისივე თქმით „გვერდზე გახტეს" (რაც უკვე სავსებით რეალურია) და გრუხუნით ჩამოიშლება მთელი ის მყიფე სახელისუფლებო სისტემა, რისი ნაუცბათევად აგებაც ივანიშვილმა მოახერხა 100 დღის განმავლობაში.

საერთოდ, „დარჩენილი" 7 თვის მანძილზე იმდენი საფრთხე და ნაღმია, ბიძინა ივანიშვილს ორ ცათამბჯენს შორის გაჭიმულ ბაგირზე მოსიარულე სპორტსმენტის ხელოვნება სჭირდება. არადა, პოლიტიკაში სრულიად ახალი კაცია. თან მასაც და მის მრჩევლებსაც რატომღაც ავიწყდებათ, რომ აპრილის „გადაგორების" შემდეგ „შვებით ამოსუნთქვაც" ნაადრევი იქნება, რადგან მთავრობის გადაყენების და სხვა კაბინეტის დანიშვნის უფლება პრეზიდენტს აპრილის შემდეგაც რჩება. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ პარლამენტს ვერ დაითხოვს, თუმცა კოალიციის შემდგომი „მოყანყალებისა" და პროკურატურის ამოქმედების შემთხვევაში (ბევრად უფრო ძლიერად ამოქმედებისა, ვიდრე დღეს) 100 ხმა მაინც შეიძლება მოგროვდეს. ოღონდ უკვე არა „ქართული ოცნების", არამედ „ნაციონალთა" და მშობლიურ ფრაქციაში ამაყი ყელმოღერებით დაბრუნებული მარიკა ვერულაშვილის ფართო ბაზაზე.

"ჯი-ეიჩ-ენი", დათო ავალიშვილი

ავტორი: . .